12:49 | 30 ივნისი, 2026 — უკრაინა
ვადიმ ერმოლაევი მონაკოში ააფეთქეს - ვინ არის სანქცირებული უკრაინელი ოლიგარქი
29 ივნისს, მონაკოში აფეთქება მოხდა; სამიზნე ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი, ვადიმ ერმოლაევი იყო.
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, 58 წლის მილიონერი და მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და სიკვდილს ებრძვიან.
ვითარების არსი: ერმოლაევი დნიპროელი ბიზნესმენია, რომელიც უძრავი ქონების, მრეწველობისა და მეღვინეობის სექტორში „უზარმაზარ იმპერიას ფლობს“.
- იგი რეგულარულად ხვდებოდა უკრაინის 100 უმდიდრეს ადამიანს შორის, თუმცა მოგვიანებით უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის პასპორტი აიღო. ბოლო პერიოდში ის მონაკოში ცხოვრობდა.
სკანდალური რეპუტაცია: Le Figaro აღნიშნავს, რომ მილიონერის ფინანსური საქმიანობა და ქონება მუდამ საეჭვო კავშირებთან ასოცირდებოდა და მის მიმართ ფულის გათეთრების ეჭვებიც არსებობდა.
- 2023 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერმოლაევს 10-წლიანი პერსონალური სანქციები დაუწესა.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ბიზნესმენის კუთვნილი ალკოჰოლური კომპანიები ანექსირებულ ყირიმში საქმიანობას აგრძელებდნენ და გადასახადებს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტში იხდიდნენ.
დეტალები: ინციდენტი ორშაბათს საღამოს, საფრანგეთის საზღვართან ახლოს, რევერენდ პერ ლუი ფროლას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.
- სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, უცნობმა მამაკაცმა ზურგჩანთა სახლის შესასვლელთან დატოვა, რის შემდეგაც ფეხით მიიმალა.
- აფეთქება ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში ერმოლაევი ოჯახთან ერთად შედიოდა.
- თავდასხმის შედეგად დაშავდა ბიზნესმენის 13 წლის შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.