რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება მოსახლეობას არ აწვდის ინფორმაციას ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის შესაძლო შედეგების შესახებ.
ვითარების არსი: მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობისთვის გაზი თითქმის 4-ჯერ გაძვირდება, რუსეთიდან ფულადი გზავნილები მკვეთრად შემცირდება, მიგრაციული შეღავათები გაუქმდება, ხოლო სომხური პროდუქციის, მათ შორის ბოსტნეულის, ხილის, ალკოჰოლისა და მინერალური წყლის მიწოდება, შესაძლოა შეჩერდეს.
- "იგივე ხდებოდა უკრაინაშიც. ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთს ამბობდნენ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ იგივე უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე, არსებითად, მაინც არ შეუშვეს," - განაცხადა ვოლოდინმა.
- რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის აზრით, "იგივე ელის სომხეთსაც."
სტრიქონებს შორის: "ფაშინიანმა, სავარაუდოდ, აიღო პირადი ვალდებულება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მას ასრულებს. ამასთანავე, ის ცდილობს გაწევრიანების ყველა ხარჯი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და რუსეთს გადააბაროს," - აღნიშნა მან.
- ვოლოდინმა ხაზი გაუსვა: "აშკარაა, რომ მას არ ადარდებს სომეხი ხალხის ბედი და სომხეთის სახელმწიფოებრიობა. მოცემულ შემთხვევაში ის მიიჩნევს, რომ ამ გზით შეინარჩუნებს პირად ხელისუფლებას. ძვირი იქნება ფასი."
დიდი სურათი: 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის პრო-რუსულ პარტიებს და უკვე დაიწყო სომხეთის წინააღმდეგ სოფლის მეურნეობის პროტუქტებზე შეზღუდვების დაწესება.
- 2026 წლის მაისში IRI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% მხარს ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმებას" უჭერს მხარს, ხოლო მეორე ადგილზე, შინაპატიმრობაში მყოფი პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ალიანსი "ძლიერი სომხეთია" 6%-ით.
- მესამე ადგილზეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პრო-რუსი პოლიტიკოსის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი სომხეთი - 3%. აღსანიშნავია, რომ რადგან ქოჩარიანის ალიანსი 2 სუბიექტისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკია, მათთვის ბარიერი 8%-ია.
- კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 23% გადაუწყვეტელია, ხოლო 21%-მა პასუხზე უარი განაცხადა, რაც ნიშნავს, რომ პარტიების შედეგი არჩევნებზე განსხვავებული იქნება.
სიღრმისეულად: სომხეთის ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ წარსულად აღიქმება - ინტერვიუ ერიკ ჰაკოფიანთან