დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:19 | 29 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში კიდევ 10 ათასი სამხედროს გაგზავნას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება რუსეთში დაახლოებით 10 ათასი სამხედროს გასაგზავნად ემზადება, ამასთან, რვა ათასზე მეტი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი უკვე იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ 28 სექტემბერს, საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშის "ახალ მონაცემებზე" დაყრდნობით განაცხადა.

ვითარების არსი: უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად სამხედროების "შერჩევა მიმდინარეობს წვრთნებისა და რუსეთში შემდგომი გაგზავნისთვის."

  • ზელენსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად უცხოელების დაქირავების "ზრდას გეგმავს."
  • "მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთს თავის არმიაში ხალხი აჰყავს, იმოქმედონ ამის წინააღმდეგ. ჩვენ თითოეულ მთავრობას მივაწვდით ინფორმაციას," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტრიქონებს შორის: სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ ომში რუსეთის მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 15 ათასი სამხედრო გააგზავნა.

  • სავარაუდოდ, სანაცვლოდ ფხენიანი მოსკოვისგან იღებს თანხას, სამხედრო ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების გარანტიებს.
  • აგვისტოში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ტერიტორიაზე 30-დან 50 ათასამდე მებრძოლის დისლოცირებას აპირებს.

დიდი სურათი: უკრაინის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი სამხედროების ჩართვის გეგმების შესახებ რამდენიმე დღით ადრე კიევსა და სეულს შორის ატეხილი კონფლიქტის ფონზე გაჟღერდა.

  • სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება იმის გამო, რომ ზელენსკიმ "დაარღვია კონფიდენციალურობის შეთანხმება" და საჯაროდ განაცხადა სეულისთვის ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის გადაცემის შესახებ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ბრძოლისას დაატყვევეს.
  • საპასუხოდ, ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის ამ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა. სეულში ამას სიცრუე უწოდეს.
  • 28 სექტემბერს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ უკრაინელ დიპლომატს ამ საკითხზე "სეულის მკაცრი პოზიცია" გააცნო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე