18:28 | 24 ივნისი, 2026 — რუსეთი
ზელენსკი: პეტერბურგთან 60 ათასი ტონა რუსული საბრძოლო მასალა განადგურდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენებაზე დაყრდნობით, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო დარტყმების შედეგები და კრემლის საპასუხო საიდუმლო ნაბიჯები გაასაჯაროვა.
ბალტიის ფლოტი: უკრაინული ძალების იერიშის შედეგად, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე რუსეთის ბალტიის ფლოტის არსენალში 60 ათას ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა განადგურდა.
- ზელენსკის ინფორმაციით, სამხედრო დაზვერვის ანალიზმა ასევე დაადასტურა რუსული სამხედრო საწარმოების ზუსტი დაზიანება, რომლებიც რუსული არმიისთვის რადიოელექტრონიკასა და სხვა კრიტიკულ კომპონენტებს აწარმოებენ.
საჰაერო თავდაცვა: უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა რუსეთის შიდა დოკუმენტები, სადაც ასახულია უკრაინული დარტყმების რეალური შედეგები და კრემლის რეაგირების გეგმა.
- დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, საჰაერო თავდაცვის სისტემები სხვადასხვა რეგიონიდან სასწრაფოდ გადაისროლონ ორად ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - მოსკოვსა და ქერჩის (ყირიმის) ხიდზე.
- კრემლი ამ ობიექტების დაცვას სხვა ტერიტორიებისა და უკრაინის ოკუპირებული ზონების საჰაერო თავდაცვის დასუსტების ხარჯზე ახორციელებს.
სტრატეგიული ავიაცია: დაზვერვის მოხსენებაში ცალკე ადგილი დაეთმო რუსული რაკეტების წარმოებისა და სტრატეგიული ავიაციის მდგომარეობის ანალიზს. კიევი ამ მონაცემებზე დაყრდნობით საპასუხო სამხედრო ნაბიჯებს ამზადებს.