უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკვანძო ფაზამ ხმელეთიდან და ზღვიდან ჰაერში გადაინაცვლა. მისი აზრით, სწორედ "ცაში ბრძოლა" განსაზღვრავს ომის შედეგს.
ვითარების არსი: ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ახერხებს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და რუსეთის შებოჭვას ზღვაზე, რის გამოც ბრძოლის ველად ცა იქცა.
- "ამ დაპირისპირებაში უკვე ბევრად ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისი ტერიტორიაა უფრო დიდი. ჩვენ საჰაერო სივრცეში გადავედით. ცაში კი უკვე კონკურენტუნარიანები ვართ," - თქვა მან.
- მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს კრიტიკული პრობლემა - საჰაერო თავდაცვა - თუმცა, მიუხედავად ამისა, მას გამარჯვება შეუძლია.
სტრიქონებს შორის: ზელენსკის აზრით, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმების ფსიქოლოგიური ეფექტი, ისევე როგორც ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საბოლოო ჯამში შეასუსტებს ვლადიმერ პუტინის სურვილს, გააგრძელოს ომი.
- "როდესაც მოსკოვის მიმართულებით უკვე არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, ის მიხვდება. როდესაც ის ამას პირადად იგრძნობს, როდესაც საკუთარი თვალით დაინახავს... მრჩევლები დაარწმუნებენ მას, სადმე ურალის მიღმა გადავიდეს. რაც უფრო შორს იქნება პუტინი მოსკოვიდან, მით უფრო ახლოს იქნება ომის დასასრული," - თქვა ზელენსკიმ.
დიდი სურათი: 6 ივლისს რუსეთის არმიამ კიევი დაბომბმა, რის შედეგადაც დაიღუპა 22 ადამიანი, ხოლო 90-მა დაზიანებები მიიღო. კიევში დაზიანდა სულ მცირე 15 საცხოვრებელი სახლი. კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევოეში ათობით შენობა განადგურდა ხუთ ქუჩაზე.
- თავის მხრივ, 6 ივლისს უკრაინამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა, რომელიც უდიდესია რუსეთში.
- უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კამპანიას, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში უკვე გამოიწვია საწვავის კრიზისი.
- ამ დროისთვის უკრიანული დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა რუსეთის ათი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.