ახალი ამბები

12:47 | 26 მაისი, 2026 — რუსეთი

ზვიაგინცევი: მილიონობით რუსს დღეს ხმის უფლება არ აქვს

კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ მას არ აქვს უფლება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმოს.

ვითარების არსი: "რუსეთისთვის ახლა ერთადერთი სწორი, რაციონალური და მაცხოვნებელიც კი იქნებოდა არა ყაყანი, არამედ მოქმედება პრინციპით - აქ და ახლა: ამ უაზრო და დაუნდობელი ომის დასრულება," - ამ სიტყვებით გამოეხმაურა კრემლის კრიტიკას რეჟისორი.

  • 23 მაისს, კანში, ფილმ "მინოტავრისთვის" ფესტივალის გრან-პრის მინიჭების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, ზვიაგინცევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
  • "მილიონობით ადამიანი ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს: რომ შეწყდეს ადამიანების უთვალავი მკვლელობა. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ხორცსაკეპის გაჩერება შეუძლია, თქვენ ხართ, ბატონო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო. დაასრულეთ უკვე ეს სასაკლაო. მთელი მსოფლიო ამას ელოდება," - განაცხადა ზვიაგინცევმა.
  • დარბაზი მის სიტყვებს აპლოდისმენტებით შეხვდა.

სტრიქონებს შორის: პესკოვმა უარი თქვა რეჟისორის ამ ანტისაომარი გზავნილის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურისთვის გადაცემაზე.

  • "ზვიაგინცევს არასოდეს დაუგმია ის სისხლიანი სასაკლაო, რომელიც კიევის რეჟიმმა დონბასში მოაწყო. 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც ომი დაიწყო, აი მაშინ რომ გაეკეთებინა ეს, ალბათ ექნებოდა ხმის უფლება. ახლა კი მას ასეთი უფლება არ აქვს," - ციტირებს "მედუზა" დიმიტრი პესკოვის განცხადებას.
  • ამასთან, პუტინის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არ აპირებს ზვიაგინცევის მიმართვის რუსეთის პრეზიდენტისთვის გადაცემას და არ ჰგონია, "რომ ამას ვინმე გააკეთებს."

დიდი სურათი: "დიახ, სრულიად მართალია - არ მაქვს ხმის უფლება, ისევე როგორც ის დღეს არ აქვს ასობით მილიონ რუსს. იმიტომ, რომ თქვენ მათი ხმა არც არასდროს მოგისმენიათ. ბანდერლოგებად მიიჩნევდით თქვენს თანამოქალაქეებს 2008-შიც, 2011-შიც და იმავე მზაკვრულ 2014-შიც. და შემდეგ ყველა გაჩერებაზე. და აი, ჩვენი საერთო ძლევამოსილი მატარებელი უკვე უახლოვდება სადგურ "ჩიხს." და ახლა - ჩემი მოკრძალებული აზრით - ყველაფერი, რაც იქნებოდა ერთადერთი სწორი, რაციონალური და მაცხოვნებელიც კი მთელი ქვეყნისთვის, არის არა ყაყანი და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა; არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქისთვის 2022 წლის ფარისევლური კითხვის დასმა: "სად იყავით ბოლო 8 წელი?", არამედ მოქმედება პრინციპით - აქ და ახლა: ამ უაზრო და დაუნდობელი ომის დასრულება." - უპასუხა რეჟისორმა პესკოვს

  • "არაფერი, გარდა მწუხარებისა და ცრემლებისა; გარდა იმედგაცრუებისა და დეპრესიული აპათიისა; გარდა მოჩვენებითი მიზნის სახელით თქვენი თანამოქალაქეების დაგლეჯილი სხეულებისა; გარდა იმ ახალგაზრდების განადგურებისა, რომლებიც ქვეყანას ცხოვრებისა და მომავლის შენებისთვის სჭირდება. წინ კარგი არაფერი გველოდება, თუ არ გავჩერდებით," - ხაზი გაუსვა ანდრეი ზვიაგინცევმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე