მედვედევის თქმით, თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს გადასცემს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეაიარაღებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი სამხრეთ კორეას დაემუქრა, რომ თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეაიარაღებს. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
მედვედევი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ თითქოს სამხრეთ კორეა პოლიტიკის შეცვლას და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს.
"მაინტერესებს რას იტყვიან ამ ქვეყნის მაცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უახლეს ნიმუშებს უახლოეს მეზობლებთან - ჩვენ პარტნიორებთან ჩრდილოეთ კორეიდან?" - აღნიშნა მედვედევმა.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია გააფართოვოს უკრაინის მხარდაჭერა და გასცდეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას, თუ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები მოხდება.
იუნ სუკ იოლმა განცხადება აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის წინ გააკეთა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, სამხრეთ კორეა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას გამორიცხავდა.