საფრანგეთში მედიკოსებისთვის აცრა სავალდებულო გახდა
საფრანგეთის მთავრობამ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის ახალი სტრატეგია აირჩია. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 21 ივლისიდან მაღაზიებში, კინოთეატრებში ან რესტორნებში შესასვლელად მოქალაქეებმა აცრის მოწმობა ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინონ.
"მე ვიცი რას ვითხოვ თქვენგან და ვიცი, რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ. გარკვეული აზრით ეს ზომები თქვენი სამოქალაქო ვალის შესრულებას წარმოადგენს",- განაცხადა ტელემიმართვისას მაკრონმა.
მანამდე ცნობილი გახდა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მედიკოსები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსებმა შესაძლოა ხელფასი დაკარგონ.
ემანუელ მაკრონის განცხადებიდან მალევე, მაღალი მოთხოვნის გამო რამდენიმე საათით ფუნქციონირება შეწყვიტა ვებგვერდმა, რომელზეც ვაქცინაციის ადგილები იჯავშნება.
ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდ-19-ის "დელტა" შტამის გამო საფრანგეთში იზრდება ინფიცირების ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, პანდემიის მომავალი ტალღის ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია აცრილი იყოს მოსახლეობის 95%.
ამ დროისთვის საფრანგეთში აცრილია მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა მიღებული აქვს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს.