სომხეთი და აზერბაიჯანი ახალ შეთანხმებასთან ახლოს არიან

სომხეთი და აზერბაიჯანი ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომლითაც ამჟამად სადავო საკითხები გადაწყდება. თუმცა, სომხეთში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიცია შეთანხმების გასაჯაროებას ითხოვს.

20 მაისს, სომხეთის პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ შეთანხმების ის ვერსია, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ავთენტურია. მან თქვა, რომ ეს “წინასწარი შეთანხმებაა და 100%-ით შეესაბამება სომხეთის ინტერესებს."

"თუ აზერბაიჯანი შეთანხმების ყველა პირობას შეასრულებს, მე დოკუმენტს ხელს მოვაწერ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის, ალიევის და პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის სიძემ, მიკაიელ მინასიანმა გაავრცელა. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ დოკუმენტი რამდენჯერმეა რედაქტირებული მხარეების მიერ.

მინასიანმა თავის ტელეგრამის ანგარიშზე დაწერა, რომ შეთანხმების ნაწილია აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების გასვლა მათ მიერ დაკავებული სასაზღვრო ზონიდან, სომეხი ტყვეების დაბრუნება და სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის 6 სოფლის გადაცემა. მინასიანს არ დაუკონკრეტებია რომელ სოფლებზეა საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ შეთანხმების ნაწილია აზერბაიჯანის ქაზახის რაიონის სოფლები, რომლებიც სომხეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიკავა.

მინასიანის თქმით, ფაშინიანი სოფლების გადაცემას ისე აპირებს, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს წინასაარჩევნო პერიოდში.

ის აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი უარს ამბობდა დოკუმენტისთვის ხელის მოწერაზე. ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს.

სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა მინისტრებს კითხვები დაუსვეს აზერბაიჯანისთვის სოფლების შესაძლო გადაცემის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრმა ბაჰან ქეობიანმა თქვა, რომ დეტალებში ვერ შევა, მაგრამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია.

ოპოზიციასთან ერთად დოკუმენტის გასაჯაროება სომხეთის სახალხო დამცველმაც მოითხოვა.

“აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია ყველა ჩვენგანის უმნიშვნელოვანეს უფლებას ეხება, ყველა ადამიანს ვინც სომხეთში ცხოვრობს”, - დაწერა მან ფეისბუქზე - თუ დოკუმენტი არ გასაჯაროვდება, საინფორმაციო ვაკუუმი, რომელსაც სახელმწიფო ქმნის, შეივსება არაოფიციალური წყაროებით, რაც დააბნევს გულწრფელ მოქალაქეებს და ზოგიერთი პოლიტიკოსი ისევ გააკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებებს.”

 

წყარო:

eurasianet.org

 

 

მსგავსი სიახლეები