WSJ: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა, ომის ამ ტემპით, მინიმუმ 6 თვეს გაუძლებს

ამერიკული დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ომის მიმდინარე ტემპს მინიმუმ 6 თვე გაუძლებენ - ამის შემდეგ კიევს შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამუნიციის დეფიციტი გაუჩნდეს და ვეღარ გამოიყენოს ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი შეიარაღება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ დასავლურ წყაროებზე Wall Street Journal ავრცელებს

ექსპერტების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ვადის ამოწურვამდე უკრაინისთვის დაჩქარებული ტემპით გადაცემული შეიარაღება ქვეყანას როგორც მინიმუმ მომდევნო 6 თვე ეყოფა.

"ჩვენ გავძლებთ 6 თვე, შესაძლოა 1 წელიც და ამით შეგვიძლია დამატებითი დრო მივცეთ ევროპას საჭირო შეიარაღების წარმოების გასაზრდელად. ჩვენ შესაძლოა გვქონდეს დანაკარგებიც, მათ შორის ტერიტორიულიც, მაგრამ ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში უკრაინელი მოხალისე მიკოლა ბიელისკოვი.

უკრაინელი პრეზიდენტის თანაშემწე Wall Street Journal-ს ეუბნება, რომ ამერიკული სამხედრო დამხარების სრულად შეწყვეტა ყველაზე მძიმე და ნაკლებად სავარაუდოა სცენარია. 

კონტექსტი 

გასულ წელს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ უკრაინას ჯამურად 25 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საგრძნობლად გაზარდეს საარტილერიო ჭურვების წარმოება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის სამხედრო დახმარების 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ამერიკამ უკრაინას 75 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა, რაც კილის ინსტიტუტის დათვლით დაახლოებით იმდენივეა, რაც უკრაინის დანარჩენი მოკავშიირების მიერ ჯამურად გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა. 

პარალელურად იზრდება უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შესაძლებლობები - უკრაინის მთავრობის ცნობით, უკრაინამ გასულ წელს 30 მილიარდი დოლარის სხვადასხვა შეიარაღება გამოუშვა, ეს 6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2023 წელს. 

ამ წარმოების უმსხვილეს ნაწილს სხვადასხვა ტიპის დრონები წარმოადგენს, რომელიც უკრაინული არმიისთვის თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან იარაღად გადაიქცა. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ქვეყანამ 2024 წელს 1.5 მილიონი დრონი გამოუშვა. 2025 წელს ქვეყანა 30 ათასამდე შორეული დრონის და სხვადასხვა ტიპის 3 ათასი რაკეტის წარმოებას გეგმავს. 

ჯამურად უკრაინის თავდაცვის საჭიროებების 55%-ს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, 20%-ს აშშ და 25%-ს ევროპული სახელმწიფოები. 

ანალიტიკოსების ცნობით, ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის მთავარი რისკი ის არის, რომ უკრაინა ეტაპობრივად ვეღარ გამოიყენებს მის ხელთ არსებული ტექნოლოგიურად მოწინავე ამერიკულ შეიარაღებას, მათ შორის ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ბალისტიკურ რაკეტებს - სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ამ ნაწილში ევროპას ამერიკული დახმარების ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება. 

 

მსგავსი სიახლეები