11-მა ჩინურმა და რუსულმა ხომალდმა იაპონიის მახლობლად გაიარა
17 აგვისტოს, ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების 11-მა გემმა გაიარა იაპონიის სამხრეთ კუნძულების მახლობლად, ოკინავას პრეფექტურის წყლებში.
ამ ინფორმაციას Kyodo news ავრცელებს.
ამან იაპონიის მთავრობა აიძულა "სერიოზული შეშფოთება" გამოეხატა მეზობლების მხრიდან ძალის ჩვენების გამო.
გემები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისკენ მას შემდეგ გაემართნენ, რაც ოკინავას პრეფექტურის მთავარ კუნძულსა და კუნძულ მიაკოს შორის წყლები გაიარეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინურმა და რუსულმა გემებმა ერთად გაცურეს ამ ტერიტორიისკენ.
სავარაუდოა, რომ გემებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ პატრულირებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ წყნარ ოკეანეში ჩატარდა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო მოქმედებები იაპონიის ირგვლივ "აშკარად ისახავს მიზნად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებას."
იაპონიამ თავისი შეშფოთება დიპლომატიური არხებით, ჩინეთსა და რუსეთს გადასცა.
გარდა ამისა, ექვსი ჩინური და ხუთი რუსული ხომალდი, მათ შორის ნაღმოსნები, სამშაბათს დილით იაპონიის წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულის, ოკინოტორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 280 კილომეტრში შენიშნეს.
ამ გემებიდან ზოგიერთი ივლისში ნახეს, როდესაც ისინი სოიოს სრუტის გავლით ჰოკაიდოსა და სახალინს შორის, ოხოცკის ზღვაში გადავიდნენ იაპონიის ზღვაში ერთობლივი წვრთნების შემდეგ.