$148 მილიონით დაჯარიმების შემდეგ, ჯულიანიმ განაცხადა, რომ გაკოტრდა
დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ გაკოტრების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Associated Press-მა 21 დეკემბერს წერს.
2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯორჯიის შტატის საარჩევნო კომისიის ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში წაგების შემდეგ, ჯულიანიმ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
"ოთხდღიანი სამოქალაქო სასამართლო პროცესის დროს, რვა ნაფიცმა მსაჯულმა მოისმინა საარჩევნო კომისიის თანამშრომლების რუბი ფრიმანისა და შეი მოსის ჩვენება, რომლებმაც აღწერეს, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, რადგან ჯულიანის ცილისმწამებლური განცხადებების შემდეგ რასისტული და ძალადობრივი მუქარის ქარცეცხლში გაეხვნენ," - განაცხადა სასამართლომ.
დაზარალებულმა დედა-შვილმა 47 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვეს, ნაფიცმა მსაჯულებმა კი ჯულიანის 148.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
სასამართლო პროცესზე ჯულიანის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ის ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებდა. ნიუ-იორკის ყოფილი მერის ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "სიკვდილით დასჯის ტოლფასი" იქნება.
გაკოტრების შესახებ განცხადებაში ჯულიანიმ დაწერა, რომ მისი ჯამური დავალიანება 153 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა, გაკოტრება მას არ გაათავისუფლებს სასამართლო ჯარიმის გადახდისგან, რადგან კანონი პირდაპირ კრძალავს მესამე პირების მიმართ "მავნე ქმედებებით" გამოწვეული ვალების ჩამოწერას.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 3 ნოემბერს, ტრამპმა და მისმა გუნდმა (ჯულიანის ჩათვლით) არაერთხელ განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აღიარებდნენ მის შედეგებს.