2021 წლის შემდეგ ტრამპი 7-ჯერ ესაუბრა პუტინს და კოვიდის ტესტები აჩუქა - ვუდვარდი
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დონალდ ტრამპი დაახლოებით 7-ჯერ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს ტელეფონით და კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის კოვიდის ტესტები გაუგზავნა.
ამის შესახებ საუბარია ლეგენდარული ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ბობ ვუდვარდის ახალ წიგნში. ვეტერანი რეპორტიორის ახალი წიგნი "ომი" გაყიდვაში 15 ოქტომბრიდან ჩაეშვება.
წიგნიდან მთავარ სიახლეებისა და აღმოჩენების შესახებ მასალა პირველად Washington Post-მა გამოაქვეყნა, ვუდვარდს გაზეთთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს - გამოცემის რეპორტიორებად მუშაობის პერიოდში ვუდვარდა კოლეგა, კარლ ბერნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალი გამოძიეს, რაც პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტის პროცედურით დასრულდა.
წიგნი დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პერსონალური პოლიტიკური დაპირისპირების ისტორიას ყვება, დაპირისპირების, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთში მწვავე ესკალაციის ფონზე მიმდინარეობდა.
გადაწყვეტილებების მიღებებში ჩართული 100-ზე მეტ ადამიანთან ხანგრძლივ ინტერვიუებზე დაფუძნებული წიგნი გვიყვება თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებზე უკანასკნელი 4 წლის საკვანძო და ყველაზე დაძაბული მომენტების დროს.
თუმცა, მთავარი წიგნის მთავარი აღმოჩენა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობების შესახებ აქამდე უცნობი ამბების გასაჯაროებაა.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ვუდვარდი წერს, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დონალდ ტრამპმა კრემლის ბინადარს ტესტები გაუგზავნა - წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინს ეშინოდა დაავადების, ხოლო კოვიდის ამომცნობი ტესტებზე იმ დროს გლობალური დეფიციტი იყო.
წყაროების ცნობით, პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს კოვიდის ტესტებისთვის და თხოვა, რომ ამბავი საიდუმლოდ შეენახა რადგანაც პოტენციური სკანდალის წარმოქმინსა და ტრამპისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება არ სურდა.
წიგნის მიხედვით, ტრამპსა და პუტინს შორის თბილი პერსონალური ურთიერთობები ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა. ვუდვარდის წყაროს ცნობით, 2021 წლიდან მოყოლებული ტრამპსა და პუტინს შორის 7 სატელეფონო საუბარი შედგა.
მათ შორის ერთ-ერთი მიმდინარე წელსაც - როდესაც წყაროს ცნობით, ტრამპმა საკუთარ თანაშემწეს სთხოვა დაეტოვებინა ოთახი, რადგანაც პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა.
წიგნის ნაწყევეტების გავრცელებიდან მალევე, ტრამპის შტაბმა მოზრდილი განცხადება გამოაქყვეყნა, რომელშიც ვუდვარდი "მოხუც გიჟად" იყო მოხსენიებული, თუმცა პირდაპირ არ იყო უარყოფილი ვუდვარდის მიერ მოყვანილი არცერთი ამბავი.