25 ივლისს აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს - Reuters
შეერთებული შტატები 25 ივლისს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს.
ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გამწმენდ აღჭურვილობას, NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების და HIMARS-ის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას.
ასევე უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას - TOW და Javelin, ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემების Patriot-ისა და Stinger-ის რაკეტებს.
ახალ პაკეტში კასეტური ჭურვები დიდი ალბათობით არ იქნება.
ახალი პაკეტი უკრაინას პრეზიდენტის მიერ შემუშავებული მექანიზმის ფარგლებში გადაეცემა, რომლითაც შეიარღებას უკრაინა პირდაპირ ამერიკის არმიის საწყობებიდან იღებს. ასეთი დახმარება უკრაინას მოკლე დროში მიეწოდება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინის მიმართ ამერიკის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 41 მილიარდ დოლარზე მეტია.
ამასთანავე, ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც 1.3 მილიარდი დოლარია. ამ პაკეტით გამოცხადებულ შეიარაღებას უკრაინა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს.