ABC: ფეიჯერების აფეთქების ოპერაციას ისრაელი 15 წლის განმავლობაში ამზადებდა
ისრაელის სპეცსმსახურები 15 წლის განმავლობაში ამზადებდნენ ჰეზბოლას კუთვნილი ფეიჯერების დეტონაციის ოპერაციას.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ABC ავრცელებს.
წყაროების ცნობით, "მომარაგების ხაზების დივერსიის" ოპერაციის დაგეგმვა ისრაელის დაზვერვამ წლების წინ დაიწყო, თუმცა მათი ამერიკელი პარტნიორები მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავების ან დაღუპვის მაღალი რისკის გამო გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ.
ოპერაციის მზადების ფარგლებში ისრაელის სპეცსამსახურებმა რამდენიმე ყალბი კომპანია შექმნეს, რომლებიც ლეგენდის თანახმად ფეიჯერებითა და სხვა საკომონუკაციო მოწყობილობით ვაჭრობდნენ. წყაროს ცნობით, კომპანიები რეალურად საქმიანობდნენ და თანამშრმლების ნაწილმა არც იცოდა ორგანიზაციის რეალური დანიშნულების შესახებ.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი კომპანია BAC consulting უნგრეთში იყო რეგისტრირებული, თუმცა თავად ფეიჯერები ან მათი საწარმო უნგრეთის ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა. ისრაელის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი კომპანია შუამავლის ფუნქციას ასრულებდა დამკვეთსა (ჰეზბოლა) და მწარმოებელ ტაივანურ კომპანია Apolo-ს შორის.
მიმდინარე კვირას ლიბანის ტერიტორიაზე დროის მოკლე მონაკვეთში ჰეზბოლას წევრების ფეიჯერები აფეთქდა. მომდევნო დღეებში უკვე ჰეზბოლას წევრების რაციებიც აფეთქდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აფეთქებების შედეგად მოკლულია 37 და დაჭრილია 3 ათასამდე ადამიანი. ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას მტკიცებით ჯამურად საუბარია 4000 დანაღმულ ფეიჯერზე, რომლებიც ჯგუფმა უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიიღო.
ისრაელი ოპერაციაში მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.