AfD-მ სიის პირველი ნომერი ევროპარლამენტის ფრაქციიდან გარიცხა
მემარჯვენე პოპულისტური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) სიის პირველი ნომერი მაქსიმილიან კრაჰი ევროპარლამენტში AfD-ს ფრაქციის წევრი არ იქნება.
პოლიტიკოსმა 10 ივნისს განაცხადა, ეს გადაწყვეტილება AfD-ს არჩეულმა ევროპარლამენტარებმა მიიღეს, რომლებმაც ხმა მისცეს, რომ არ შეიყვანონ კრაჰი პარტიის მომავალ დელეგაციაში ევროპარლამენტში.
"ვფიქრობ, ეს გზა არასწორია, ის დესტრუქციულ გზავნილს უგზავნის ჩვენს ამომრჩევლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს," - წერს ის სოციალურ ქსელში.
მაისის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ევროპარლამენტში, მაქსიმილიან კრაჰის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. მიზეზი მისი ყოფილი თანაშემწის შესაძლო კავშირი იყო ჩინეთის სპეცსამსახურებთან.
დრეზდენის პროკურატურა წინასწარ გამოძიებას აწარმოებს კრაჰის წინააღმდეგ რუსეთიდან და ჩინეთიდან თანხის მიღების ბრალდებით.
მაისის ბოლოს კრაჰმა იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ ნაცისტების SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.
სკანდალური განცხადებებისა და რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთისგან დაფინანსების შესახებ ეჭვების ფონზე, კრაჰმა დატოვა AfD-ს ფედერალური საბჭოს წევრის თანამდებობა, შემდეგ კი ევროპარლამენტში მემარჯვენე პოპულისტურმა ფრაქციამ "იდენტობა და დემოკრატია" პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გარიცხა.
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე AfD-მ მეორე ადგილი დაიკავა გერმანიაში და ხმების 15.9% მიიღო.