აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ხარკოვსა და კრამატორსკში

 

ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა.  რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას. ვლადიმირ პუტინმა იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს. 

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციას შეეცდება.

კიევში მყოფი CNN-ის ჟურნალისტის თქმით, მთელ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. იმავეს ამბობს ტელევიზიის კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში იმყოფება. 

აფეთქებების სერიის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია ქალაქ კრამატორსკშიც. 

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები