ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის რისკის გამო, შვედეთმა ლიბანში საელჩო დახურა
შვედეთმა შაბათს განაცხადა, რომ ხურავს თავის საელჩოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში იმის შიშით, რომ ღაზაში ომი შეიძლება რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
მანამდე შვედეთმა უკვე მოუწოდა თავის ათასობით მოქალაქეს დაეტოვებინათ ლიბანი ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის რისკის გამო.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის თანამშრომლებს დაავალა დატოვონ ბეირუთი და გადავიდნენ კვიპროსში, ასევე იგეგმება საელჩოს დროებით გადატანა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან განმარტა, რომ საელჩო მთელი აგვისტოს განმავლობაში დახურული დარჩება და გადაწყვეტილება "შეიძლება გაგრძელდეს უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე."
"სამინისტრო ყურადღებით აკვირდება მოვლენებს," - თქვა მან.
ბილსტრომმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შვედებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ლიბანი "სანამ ეს შესაძლებელია."
შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, გამანადგურებლების ესკადრილია და დამატებითი ხომალდები გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა ირანის საპასუხო დარტყმის ფონზე ისრაელის და რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოება უზრუნველყოს.