ახმეტოვი: ჩვენ უკვე ვაწარმოეთ 150 000 ჯავშანჟილეტი და გაჩერებას არ ვაპირებთ

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რინატ ახმეტოვის ფოლადის ფრონტის ინიციატივის ფარგლებში, "მეტინვესტის" ჯგუფის საწარმოებში 150 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი დამზადდა და უკრაინელ სამხედროებს გადაეცა. ეს არის ათიდან ერთი ჯავშანი, რომელიც უკრაინელ სამხედროებს იცავს, აცხადებენ კომპანიაში. ამის შესახებ 12 ოქტომბერს სააგენტო "Интерфакс-Украина" წერს.

"24 თებერვლიდან ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიზანი - გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უკრაინა გადარჩეს და მოიგოს ომი. ჩვენს ქარხნებში დამზადებული თითოეული ჯავშანჟილეტი იცავს უკრაინელ ჯარისკაცებს და აახლოებს გამარჯვებას. ეს არის ჩვენი "ფოლადის ფრონტი". და მადლობას ვუხდი "მეტინვესტის" ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველ დღე ყველაფერს აკეთებენ ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენ ვაწარმოეთ 150 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, მათ უკვე გადაარჩინეს ათასობით ჩვენი სამხედრო, მაშველი, ექიმი, კომუნალური სამსახურის თანამშრომელი. ჩვენ გაჩერებას არ ვგეგმავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის გამარჯვება მივაახლოოთ. და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ახმეტოვმა.

"მეტინვესტის" სპეციალური ფოლადისგან დამზადებული ტყვიაგაუმტარი ჟილეტები უსასყიდლოდ გადაეცემათ ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ასევე, ჯავშანჟილეტები გადაეცათ კომუნალური მომსახურების მუშაკებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტებს.

კომპანიის განცხადებით, მისი საწარმოო შესაძლებლობები საშუალებას აძლევს ყოველკვირეულად 20 ტონამდე დაჯავშნული ფოლადი აწარმოოს.

რინატ ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მდიდარმა უკრაინელმა რინატ ახმეტოვმა 72 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინის შეიარაღებული ძალების და ომის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული პროგრამების მხარდასაჭერად.

მსგავსი სიახლეები