Al-Arabiya: ჰამასი და ისრაელი 3-დღიან პაუზასა და 50 მძევლის გაშვებაზე შეთანხმდნენ
ჰამასი და ისრაელი 3-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რის სანაცვლოდაც ჰამასი მძევლობიდან 50 სამოქალაქო პირს გაათავისუფლებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al-Arabiya საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სწორედ ამ გარიგების ნაწილი იყო ისრაელის მიერ ღაზაში საწვავის გატარება. ღაზის სექტორში საწვავის გატარების შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. წყაროს ცნობით, საწვავი სექტორში გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოების ზედამხევდელობით განაწილდება.
კონტექსტი
გასულ დღეებში დასავლური მედიები წერდნენ, რომ 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასი ისრაელისგან ცეცხლის 5 დღით შეწყვეტას ითხოვდა.
გუშინ 16 ნოემბერს Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები ისრაელს ოფიციალურ პასუხს ელოდნენ.
მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამასთან მოლაპარაკებები კატარის მედიაციით უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ ძალისხმევის ფარგლებში კატარში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა მოსადის დირექტორი, დევიდ ბარნეა. პროცესში მოგვიანებით ჩაერთო აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი, ბილ ბერნსიც.
სავარაუდოა, რომ შეთანხმება არ შეეხება ჰამასის მიერ დატყვევებულ ისრაელელ სამხედროებს, რომელთა გაცვლაც ორგანიზაციას ისრაელის მიერ დაპატიმრებულ 6 ათასამდე პალესტინელში სურს.
სწორედ მძევლების საკითხს ეხებოდა ღაზაში ჰამასის უპირობო ლიდერის იაჰია სინვარის ერთადერთი განცხადებაც - სინვარის თქმით, მისი ორგანიზაცია მზად არის ყველა მძევალი ისრაელის მიერ დაპატიმრებულ პალესტინელებში გაეცვალა.