ალექსეი ნავალნი კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსული მედიის ინფორმაციით, კოლონიაში ჩატარებული გეგმიური შემოწმების შემდეგ, ალექსეი ნავალნის მაღალი ტემპერატურა და რესპირატორული დაავადების ნიშნები გამოუვლინდა. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურში ამბობენ, რომ ნავალნის ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მათ შორის ტესტი კოვიდ-19-ზე.
მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ნავალნის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერს აღენიშნებოდა ხველა და სხეულის მაღალი ტემპერატურა. ამავე პოსტში ნავალნი წერდა, რომ მის ნაწილში მყოფი 15 პატიმრიდან სამი ტუბერკულიოზის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ნავალნი ასევე საუბრობდა კოლონიაში არსებულ ანტისანიტარიაზე და ცუდ კვებაზე.
ნავალნის ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას თქმით, პოლიტიკოსის ლაზარეთში გადაყვანის შესახებ მედიიდან გაიგო, რადგანაც მათ [ნავალნის უფლებადამცველებს] ნავალნისთან შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ. გასულ თვეში ოპოზიციონერი კოლონიიდან წერდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. ნავალნის თქმით, მას ზურგის მწვავე ტკივილები აწუხებდა, რაც მოგვიანებით ფეხზე გადავიდა და კიდურების გარკვეულმა მონაკვეთებმა მგრძნობელობა დაკარგა.
თავის მხრივ, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურში აცხადებდნენ, რომ ნავალნის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და დამატებით სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. სწორედ ამ მიზეზით, პოლიტიკოსს უარი უთხრეს მის მიერ მოწვეული ექიმის შეშვებაზე და მედიკამენტების შეგზავნაზე. ნავალნიმ ექიმის დაშვებისა და სათანადო მკურნალობის მოთხოვნით პირველ აპრილს შიმშილობა გამოაცხადა.
"მე მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო მედიკამენტები, ჯერჯერობით არცერთის უფლებას არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი უკვე ფეხში გადავიდა - ჯერ მარჯვენა და ახლა უკვე მარცხენა ფეხის მონაკვეთებმა მგრძნობელობა დაკარგა. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ეს უკვე რეალურად მძაბავს",- წერს ნავალნი.
ნავალნი ამ დროისთვის ვლადიმირის ოლქში, მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაშია. სწორედ აქ უნდა მოიხადოს პოლიტიკოსმა 2,7 წლიანი პატიმრობა. ნავალნი კოლონიაში ეტაპით გადაიყვანეს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა.
კოლონიაში გადმოყვანიდან მალევე, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში, ნავალნიმ საპატიმროს "მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი" უწოდა. პოლიტიკოსი წერდა, რომ მას, როგორც სახიფათო პატიმარს, ღამით ხშირად აღვიძებდნენ და არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას.