ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ღაზაში ჯარებს არ გაგზავნის
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სამშვიდობო ძალების გაგზავნას ღაზის სექტორში. ეს განცხადება მოჰყვა მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანი განიხილებოდა "სტაბილიზაციის ძალების" წევრად ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ვითარების არსი: ალიევმა სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობაზე კომენტარი ორშაბათს, რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში გააკეთა.
- მან მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული კონტინგენტის გაგზავნით, რადგან პალესტინა არ უჭერდა მხარს ბაქოს პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, "არაბულმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაჭრან არაბული ქვეყნების პრობლემები."
- "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაარაბულმა მუსლიმურმა ქვეყნებმა მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწრონ. ეს კარგს არაფერს მოიტანს. არსებობს არაბული ქვეყნების ლიგა; არაბულ ლიგას აქვს საკმაოდ მკაფიო პოზიცია და ჩვენ მას მივყვებით," — განაცხადა ალიევმა.
- მიუხედავად ამისა, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი გაეროში, "მიუმხრობლობის მოძრაობის" ფარგლებში, ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინასა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.
- მან დაამატა, რომ აზერბაიჯანში მოქმედებს პალესტინის საელჩო, "ნაწილობრივ აზერბაიჯანის ფინანსური მხარდაჭერით."
სტრიქონებს შორის: ამასთანავე, ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ს აზერბაიჯანისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია სამშვიდობო ძალისხმევაში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ, მათ შორის "ოპერაციის მანდატსა" და მის სახეობაზე.
- მან გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში, მაიკ უოლცი, იმის თქმის გამო, თითქოს ბაქო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე დათანხმდა და ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ არ დავთანხმებივართ."
- "ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია და დიპლომატიური არხებით ვაცნობეთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ასეთი ცრუ განცხადებები მიუღებელია და მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის," — განაცხადა ალიევმა.
- მისი თქმით, აზერბაიჯანმა აშშ-ს "20-ზე მეტი კითხვისგან შემდგარი კითხვარი" გაუგზავნა: "სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, აზერბაიჯანის მონაწილეობა რაიმე მისიაში არ განიხილება."
დიდი სურათი: ოქტომბერში Politico წერდა, რომ აზერბაიჯანი, ინდონეზიასა და პაკისტანთან ერთად, ღაზის სექტორში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სტაბილიზაციის ძალებისთვის ჯარების გაგზავნის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა.
- გამოცემა აშშ-ის თავდაცვის უწყების ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ სამმა ქვეყანამ გამოხატა "ყველაზე დიდი ინტერესი" ღაზაში ჯარების გაგზავნის მიმართ.
- თუმცა, ბოლო ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, რომ მას სურს თავიდან აიცილოს კონფლიქტები, რომლებმაც შესაძლოა მსხვერპლი გამოიწვიოს და რომ "აზერბაიჯანის თითოეული მოქალაქე ჩვენთვის ძვირფასია."