"თბილისის დემარშის პასუხად" ბაქომ შესაძლოა სომხეთის საზღვრამდე რკინიგზა აღადგინოს - Minval
აზერბაიჯანული გამოცემა Minval Politika წერს, რომ ბაქო განიხილავს სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას "თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად."
ვითარების არსი: ეს გამოცემა ხშირად აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. სწორედ Minval წერდა რამდენიმე დღის წინ, რომ საქართველო აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არაგონივრულად მაღალ ტარიფს ითხოვდა.
- ამის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთჯერადად ნავთობპროდუქტების ტრანზიტი უფასოდ მოხდება.
- "მაგრამ ასეთი ერთჯერადი გადაწყვეტილებები არ ცვლის მთავარ საკითხს: როგორია თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიანი ტარიფებისა და საბაჟო მოსაკრებლების მიმართ?" — ნათქვამია Minval Politika-ს სტატიაში.
დაეწიე ამბავს: გამოცემა, "ბაქოსა და ერევანს შორის მიმდინარე განხილვებში კარგად ინფორმირეულ წყაროებზე" დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანმა "უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის ჩამოყალიბებისთვის."
- საუბარია იმ სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულ ქალაქ გაზახს სომხურ იჯევანთან აკავშირებდა (მანძილი 31 კილომეტრი - რედ.).
- "წინასწარი შეფასება, ჩვენი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია: შეისწავლება იმ მონაკვეთის ტექნიკური პარამეტრები, ღირებულება და შესაძლო აღდგენის ვადები, რაც ტრანზიტის ნაწილს საქართველოზე დამოკიდებულებიდან გამოიყვანს. შემდეგ ტვირთი საზღვარს ავტომობილებით გადაკვეთს და სომხეთის სიღრმეში გაიგზავნე — გადაწყვეტილება სრულიად სამუშაოა თანამედროვე ლოგისტიკის თვალსაზრისით. პარალელურად, შეისწავლება სრულფასოვანი საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც. მარშრუტიზაცია ჯერ საბოლოოდ არ არის განსაზღვრული — განიხილება ალტერნატიული კორიდორები და მათი ეკონომიკური ეფექტიანობა. მაგრამ ასეთი განხილვების გაჩენის ფაქტი მთავარზე მეტყველებს: აზერბაიჯანმა შეწყვიტა საქართველოს გავლით ტრანზიტის ერთადერთ ან გარდაუვალ გზად აღქმა," — ნათქვამია პუბლიკაციაში.
- "დღეს თბილისის წინაშე დგას მარტივი არჩევანი: ან ჩაერთოს რეგიონული თანამშრომლობის ახალ მოდელში, ან უყუროს, თუ როგორ ყალიბდება მარშრუტები, რომლებშიც მისი მონაწილეობა აღარ იქნება აუცილებელი," — ასკვნის გამოცემა.
დიდი სურათი: გარდა ამისა, ნოემბრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე აყოვნებდნენ და ხელოვნურ ბარიერებს აწყდებოდნენ.
- 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანელ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აზერბაიჯანული ტვირთები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმი "ბლოკირებულია."
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში ყველა საბაჟო პროცედურა განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების შეუფერხებელი გატარება უზრუნველყონ.