ამერიკამ ბურუნდის სანქციები მოუხსნა
ამერიკამ ბურუნდის 6 წლის წინ დაწესებული სანქციები მოუხსნა. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებია.
შარშან ბურუნდიმ ახალი პრეზიდენტი, ევარისტე ნდაიშიმიე აირჩია, რომელმაც, ბაიდენის თქმით, "რეფორმები ყველა სექტორში გაატარა."
სანქციების მოხსნის მიუხედავად, ამერიკის ხაზინის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბურუნდიზე ზეწოლას ადამიანის უფლებების მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისთვის.
ამერიკამ და გაერომ ბურუნდის სანქციები 2015 წელს დაუწესეს - გაიყინა ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშები და აეკრძალათ ქვეყნის გარეთ გასვლა.
წინა პრეზიდენტის, პიერ ნკურუნზიზას მიერ მესამე ვადით კენჭისყრის დაანონსებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რასაც 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასმა კი ქვეყანა დატოვა.
ნკურუნზიზა შარშან გარდაიცვალა.