აშშ-მ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა
9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამერიკის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ცენტრალურ ამერიკაში, აფრიკასა და ევროპაში 15 ინდივიდსა და კომპანიას სანქციები დაუწესა.
სანქცირებულ პირებს შორის არიან ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ანდრი პორტნოვი და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ოლექსანდრ ტუპიცკი.
ვინ არის ანდრი პორტნოვი
პორტნოვი იანუკოვჩთან დაახლოებული პირია. პრეზიდენტის რუსეთში წასვლის შემდეგ მანაც დატოვა უკრაინა და ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში ცხოვრობდა. სამშობლოში ის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის დღეს დაბრუნდა.
2013 წელს პორტნოვი ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, თუმცა 2015 წელს ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ მას სანქციები მოუხსნა. 2016 წელს უკრაინაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურა.
2018 წელს უკრაინის უსაფრთხოების სააგენტომ მის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალი საქმე აღძრა, მაგრამ 2019 წელს ეს საქმეც დაიხურა.
ვინ არის ოლექსანდრ ტუპიცკი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ტუპიცკი სანქცირებულთა სიაში ამ მიზეზით მოხვდა: "მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების, მათ შორის ფულადი ქრთამის აღებისთვის უკრაინის სასამართლოში მუშაობისას."
სანქციები დაუწესდა მის მეუღლეს, ოლგა ტუპიცკასაც.
2021 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკი ტუპიცკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან კორუფციაში ბრალდებით გაათავისუფლა.
თუმცა კონსტიტუცია, მას ამის უფლებას არ აძლევდა.
2021 წლის ივლისში ოლექსანდრ ტუპიცკიმ ზელენსკის უზენაეს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ ზელენსკის მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.