ამერიკამ უკრაინას $500 მილიონის სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც თითქმის 500 მილიონი დოლარია. ამ ინფორმაციას პენტაგონის პრესსამსახური 27 ივნისს ავრცელებს.
თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს არის უკრაინის დახმარების რიგით 41-ე პაკეტი.
"ეს პაკეტი, 500 მილიონ დოლარამდე, მოიცავს ძირითად შესაძლებლობებს უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, მისი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, დამატებით ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, კრიტიკულ საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ხალხის დაცვაში." - ნათქვამია განცხადებაში.
დახმარების პაკეტში შედის:
- დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის;
- საზენიტო სისტემა Stinger-ები;
- დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
- ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა და დაბრკოლებების გადასალახი სისტემები;
- გამნაღმველი აღჭურვილობა;
- 30 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley;
- საბრძოლო მასალა;
- საავიაციო საბრძოლო მასალა;
- ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
- TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;
- მცირე ზომის იარაღი და მათთვის 22 მილიონზე მეტი ვაზნა;
- თერმული გამოსახულების სისტემები და ღამის ხედვის მოწყობილობები;
- სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთების, კონტროლისა და დიაგნოსტიკის მოწყობილობები;
- სათადარიგო ნაწილები, გენერატორები და სხვა საველე აღჭურვილობა.