Amnesty International-მა ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნისთვის "სინდისის პატიმრის" სტატუსის მოხსნა რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა და მრავალჯერ დაარღვია ოპოზიციონერის უფლებები. 

ნავალნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო ორგანიზაციამ შეცვალა თავისი მიდგომა და ამიერიდან დაუშვებელი იქნება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ წარსულში გამოთქმული აზრების გამო.

"ჩვენ გვესმის, რომ ადამიანის შეხედულებები და ქცევები დროსთან ერთად იცვლება",- ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთანავე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნავალნისთვის სინდისის პატიმრის სტატუსის აღდგენა არ ნიშნავს მისი პოლიტიკური პროგრამის მხარდაჭერას. 

თავდაპირველად Amnesty International-მა ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი იანვარში, მას შემდეგ მიანიჭა, რაც რუსეთში დაბრუნებული ნავალნი აეროპორტშივე დააპატიმრეს. თებერვალში ორგანიზაციამ გადახედა თავის გადაწყვეტილებას და 2000-იან წლებში ნავალნის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ანტისემიტური განცხადებების გამო ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი მოუხსნა. 

 

მსგავსი სიახლეები