არმინ ლაშეტმა “მომავლის გუნდი” წარადგინა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანცლერობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა რვა ექსპერტისგან შემდგარი გუნდი წარადგინა, რომლის წევრებიც პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებას უხელმძღვანელებენ.
“მომავლის გუნდში”, როგორც არმინ ლაშეტმა უწოდა, ოთხი კაცისა და ოთხი ქალისგან შემდგარ ჯგუფს, ექვსი აქამდე ცნობილი პოლიტიკოსი და ორი ახალი სახეა.
“ექსპერტები ექსპერიმენტების ნაცვლად!” - ასეთი იყო ლაშეტის მთავარი გზავნილი ბერლინში, პარტიის მთავარ ოფისში გამართული წარდგენისას.
მათგან ყველაზე გამორჩეული ფიგურა ფრიდრიხ მერცია, რომელმაც ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით უნდა იმუშაოს. ფრიდრიხ მერცმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ სცადა გამხდარიყო ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, თუმცა ორივეჯერ მცირე სხვაობით დამარცხდა, ბოლო ჯერზე სწორედ არმინ ლაშეტის წინააღმდეგ.
65 წლის ზაუერლანდელი მერცი პარტიის კონსერვატიულ ფრთას ეკუთვნის. თავის გამოსვლაში მან სწორედ პარტიისთვის ტრადიციული გზავნილები გააჟღერა - დაბალანსებული ბიუჯეტი, ვალების “მუხრუჭები” და დაპირება, რომ ქრისტიან-დემოკრატები არ გაზრდიან საგადასახადო ტვირთს.
ფრიდრიხ მერცის გარდა, ლაშეტმა წარადგინა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე სილვია ბრეერი, რომელმაც ოჯახის პოლიტიკას უნდა უხელმძღვანელოს, ანდრეას იუნგი, ქრისტიან-დემოკრატების ბუნდესტაგის ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებას იბარებს, დოროთეე ბეარი, სახელმწიფო მინისტრი ციფრულ საკითხებში, კარინ პრინი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის განათლების მინისტრი და საქსონიის კულტურის მინისტრი ბარბარა კლეპში, რომელმაც თანასწორობის საკითხებზე უნდა იმუშაოს.
გარდა ამისა, არმინ ლაშეტმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი სახეები: პეტერ ნოიმანი - მისი დიდი ხნის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და ბერლინელი მუსიკის მენეჯერი ჯო კიალო, რომელმაც კულტურის მიმართულება უნდა ჩაიბაროს.
არმინ ლაშეტი ექსპერტების გუნდს რეკორდულად დაბალი რეიტინგების ფონზე წარადგენს. ქრისტიან-დემოკრატები გამოკითხვებს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, პანდემიამ კი მათი რეიტინგი კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა უკანასკნელი კვირებში ლაშეტის და მისი პარტიის რეიტინგი განუწყვეტლად იკლებს და ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, უკვე 5%-ით ჩამორჩება სოციალ-დემოკრატებს.
გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული უკანასკნელ გამოკითხვაში პირველ ადგილს სოციალ-დემოკრატები იკავებენ 25%-ით, მათ 20%-ით ქრისტიან-დემოკრატები მოსდევენ, რაც პარტიისთვის ისტორიაში ყველაზე დაბალი რიცხვია. მწვანეთა პარტია, რომელიც პანდემიამდე ზოგიერთ გამოკითხვაში პირველ ადგილს იკავებდა, ახლა მესამეა 16%-ით.
ლიბერალი თავისუფალი დემოკრატები ამ კვლევის თანახმად 13%-ს აიღებდნენ, ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” 12%-ს, მემარცხენეების რეიტინგი კი 6%-ია, რითაც სათუო ხდება, გადალახავს თუ არა პარტია 5%-იან ბარიერს.
პარტიულთან ერთად დაბალია არმინ ლაშეტის პირადი რეიტინგიც. გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ შემდეგ კანცლერად სოციალ-დემოკრატების ლიდერ ოლაფ შოლცს ისურვებდა, ლაშეტს კი მხოლოდ 16% ასახელებს. 29% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 12%-ს კანცლერად მწვანეთა კანდიდატი, ანალენა ბერბოკი სურს.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს იმართება. რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, მოქმედი კანცლერი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს - 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ანგელა მერკელი არჩევნების შემდეგ თავისი ნებით მიდის თანამდებობიდან.