მერკელი გერმანიაში მემარცხენე სამთავრობო კოალიციის საფრთხეზე საუბრობს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მემარცხენე სამთავრობო კოალიციის საფრთხეებზე ისაუბრა.
მერკელმა პარლამენტის ქვედა პალატაში მისი ბოლო გამოსვლა სოციალ-დემოკრატებზე თავდასხმისთვის გამოიყენა, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა გამოკითხვებით ლიდერობენ.
მოქმედი კანცლერი გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მაგრამ 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ის კენჭისყრას აღარ აპირებს. ქრისტიან-დემოკრატების ახალი ლიდერის, არმინ ლაშეტის რეიტინგი კი ბოლო თვეში მკვეთრად შემცირდა.
"ან იქმნება სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მთავრობა, რომლებიც "მემარცხენე პარტიის" მხარდაჭერას თანხმდებიან, ან ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მთავრობა არმინ ლაშეტის მეთაურობით, რომელიც ქვეყანას ზომიერებით წაიყვანს მომავლისკენ," - თქვა კანცლერმა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის ფორმირების ორი ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია - სოციალ-დემოკრატების, მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების ან ქრისტიან-დემოკრატების, მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების კოალიცია. ასევე არის შანსი, რომ შეიქმნას სოციალ-დემოკრატების, მწვანეების და "მემარცხენე პარტიის" სამთავრობო კოალიციაც.