გერმანელების 61% მიიჩნევს, რომ მერკელის წასვლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუარესდა - კვლევა

გერმანელი ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ანგელა მერკელის მიერ გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუარესდა.

ამას მოწმობს YouGov-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც მერკელის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ გერმანიაში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა ანგელა მერკელის მმართველობის დასრულების შემდეგ. მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, რომ ვითარება გაუმჯობესდა, 25%-ს კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუმჩნევია.

მოსაზრებას, რომ მერკელის კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუარესდა, უფრო ხშირად გამოთქვამდნენ უფროსი ასაკის ადამიანები: 60-დან 69 წლამდე გამოკითხულთა 71% და 50-დან 59 წლამდე გამოკითხულთა 69% ფიქრობს ასე. 

ისინი, ვინც თვლიან, რომ ცხოვრების პირობები გაუარესდა, ოლაფ შოლცის ამჟამინდელ ფედერალურ მთავრობას (28%) ადანაშაულებენ, 15% მიზეზად გარე ფაქტორებს ასახელებს და 55% - ორივეს ერთად.

მათ შორის, ვინც უკეთესობისკენ ცვლილებებზე საუბრობს, უფრო ხშირად მწვანეთა პარტიის მხარდამჭერია - მათი 13% თვლის, რომ გერმანიაში ცხოვრება გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მერკელი წავიდა. 26% ასეთ ცვლილებებს გარე გარემოებებს უკავშირებს, 21% - ოლაფ შოლცის მმართველობას, ხოლო 44% - ორივე ამ ფაქტორს.

მსგავსი სიახლეები