მერკელი ბუქარესტზე: ჩემი სიფრთხილე გამართლებული იყო, პუტინი საქართველოში შეიჭრა
ანგელა მერკელის თქმით, მისი პოზიცია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის არ მიცემაზე გამართლებული იყო.
ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა Der Spiegel-ისთვის, მისი მემაურების გაყიდვაში ჩაშვებამდე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ აქვს განცდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში განტევების ვაცად იქცა - მერკელი პასუხობს: "არამხოლოდ განცდა, ეს სინამდვილეა."
ამ კონტექსტში მერკელმა უკრაინელი პრეზიდენტის ფრაზა გაიხსენა - "ბუჩაში საზარელი სასაკლაოს შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მე და ნიკოლა სარკოზის მოგვიწოდა ადგილზე ჩავსულიყავით, აშკარა იყო, რომ ის ბუჩაში მომხდარ მკვლელობებზე პასუხისმგებლობას 2008 წელს ჩვენს პოზიციას აკისრებდა",- ამბობს მერკელი.
მერკელმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ზელენსკის სიმამაცით და თავგანწირვით ომის თითქმის 3 წლის განმავლობაში, მაგრამ არ ეთანხმება მის პოზიციას ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით.
"მე სულ გამოვდიოდი გაფრთხილებით - პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას გასული საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს - ცხადია, მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას. თუმცა, აქედან გამომდინარე პუტინი ასკვნიდა, რომ რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ამ ფონზე კონფლიქტების გაჩაღებით პუტინი ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაქსიმალურ კონტროლს. ჩემი სიფრთხილე გამართლებული იყო, რადგანაც 2008 წელს პუტინი საქართველოში შეიჭრა",- ამბობს მერკელი.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დასკვნები გამოიტანა მერკელმა მომხდარიდან მერკელი პასუხობს, რომ ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზას და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას მიიჩნევდა - "თუმცა ვაღიარებ, რომ პროცესი სასურველზე ნელი ტემპით ვითარდებოდა."
ბრალდაზე, რომ მისი მმართველობის პერიოდში ვერ მოხერხდა პუტინის შეკავება, გაიზარდა გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ხოლო უკრაინას არ აწვდიდნენ შეიარაღებას - ყოფილი კანცლერი პასუხობს, რომ "დღეს ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დავიწყებულია, მათ შორის, ის რომ უკრაინა და პოლონეთი არ იყვნენ წინააღმდეგები რუსეთიდან გაზის ტრანზიტის საკუთარ ტერიტორიაზე გატარების საფასურის სანაცვლოდ."
მერკელის თქმით, საკუთარი მმართველობის დასაწყისში პუტინი არ გეგმავდა უკრაინაში შეჭრას და გადაწყვეტილება წლების განმავლობაში ფორმირდებოდა, მათ შორის დასავლეთის ქცევის გათვალისწინებით.