შტაინმაიერმა მერკელს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს გერმანიის უმაღლესი ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 17 აპრილს, პრეზიდენტის რეზიდენციაში, ბერლინის ბელვის ციხესიმაგრეში გაიმართა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, შტაინმაიერმა ყოფილი კანცლერი შეაქო, როგორც "უძლეველი პოლიტიკოსი", რომელმაც წარმატებით მართა გერმანია მრავალი კრიზისის დროს.

"უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, თქვენ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მიღწევაში დაეხმარეთ", - განაცხადა შტაინმაიერმა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ყოფილი კანცლერის "არაჩვეულებრივად ხანგრძლივი მოღვაწეობა" მის პოსტზე.

"16 წლის განმავლობაში თქვენ ემსახურეთ გერმანიას - ამბიციით, სიბრძნით. 16 წლის განმავლობაში თქვენ მუშაობდით თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით, ჩვენი ქვეყნის და მისი ხალხის კეთილდღეობის სახელით. დაუღალავად და ზოგჯერ თქვენი ფიზიკური ძალის ზღვარზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი გერმანელებს 1951 წლიდან ენიჭებათ, ასევე უცხოელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ ინტელექტუალურ სფეროში მიღწევებისთვის.  

ანგელა მერკელი გახდა მხოლოდ მესამე პოლიტიკოსი, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა. მანამდე ეს ჯილდო ომისშემდგომი დასავლეთ გერმანიის პირველმა კანცლერმა, კონრად ადენაუერმა 1954 წელს მიიღო და ჰელმუტ კოლმა გერმანიის გაერთიანების შემდეგ - 1998 წელს.

მსგავსი სიახლეები