აშშ-მ, ბრიტანეთმა, სხვა ქვეყნებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს
აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, მონტენეგრომ, ლატვიამ, ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.
„ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა NBC News-სთან ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია შეიძლება დაიწყოს.
სალივანის ინფორმაციით, რუსეთმა სამხედრო აგრესიის დაწყება შესაძლოა საჰაერო თავდასხმით სცადოს.
ამასთან, ევროკავშირმა უკრაინიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოების არააუცილებელი პერსონალის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე 140 000-მდე სამხედროს მოუყარა თავი.