აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ატომური წყალქვეშა ნავის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. 

განცხადებაში უწყებას არ მოუყვანია დამატებითი დეტალები მხოლოდ ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავის ფოტო, რომელიც სუეცის არხში იმყოფება. 

ამ კლასის წყალქვეშა ნავის მდებარეობის საჯაროდ გაცხადება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან დიდი იშვიათობაა - ამ ტიპის ხომალდები აშშ-ს ე.წ. ბირთვული ტრიადის ნაწილია. ტრიადაში წყალქვეშა ნავების გარდა, სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები და ატომური ბომბებით აღჭურვილი სტრატეგიული ბომბდამფშენები. 

ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავების ნაწილი ბირთვული შეიარაღების ნაცვლად ფრთოსან რაკეტების ატარებს და მათი განლაგება სპეციალური რეაგირების ძალების ფარგლებშიც შესაძლებელია. ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა აღნიშნულ წყალქვეშა ნავს ბირთვული შეიარაღება. 

კონტექსტი 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავები გაგზავნეს. ბოლო დღეებში დასავლური მედიები იუწყებიან, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანს გადასცა გზავნილი, რომლის მიხედვითაც ირანის კონფლიქტში ჩართვის შემთხვევაში აშშ მზად იქნება სამხედრო რეაგირებისთვის. 

იმავე დღეს უწყებამ B1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ასევე ახლო აღმოსავლეთში პატრულირებს. 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ აშშ-მა ისრაელის მახლობლად 2 ავიამზიდისგან შემდგარი ჯგუფი გაგზავნა. 

გარდა ამისა, ამ დროისთვის წითელ ზღვაში განთავსებულია 26-ე საექსპედიციო საზღვაო ქვეითთა კორპუსის 3-ე მოიერიშე საზღვაო ჯგუფი. შენაერთის შემადგენლობაში 2 ათასამდე საზღვაო ქვეითია. 

მსგავსი სიახლეები