აშშ-ის ავიამზიდი Ford-ი, სავარაუდოდ, საბრძოლო ზონას დატოვებს

აშშ-ის ავიამზიდი Gerald R. Ford-ი, რომელიც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობს, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სავარაუდოდ, დროებით პორტში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები სამშაბათს, თეირანთან ომის მე-18 დღეს ავრცელებენ.

ვითარების არსი: ავიამზიდი, რომელიც ამერიკის უახლესი და მსოფლიოს უდიდესი ხომალდია, ამჟამად წითელ ზღვაში იმყოფება. ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია მისი დროებითი შესვლა საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარე სუდას ყურეში.

  • ხომალდი უკვე ცხრა თვეა დისლოცირებულია - ახლო აღმოსავლეთში ჩამოსვლამდე ის კარიბის ზღვაში, ვენესუელის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობდა.
  • დისლოკაციის ხანგრძლივობამ გარკვეული კითხვები გააჩინა მეზღვაურთა მორალურ მდგომარეობასა და ხომალდის საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით.

დეტალები: ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩება Ford-ი კრეტაზე.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ხანძარი ხომალდის მთავარ სამრეცხაო განყოფილებაში გაჩნდა, რის გამოც კვამლით გამოწვეული დაზიანებებით სამედიცინო დახმარება თითქმის 200 მეზღვაურს დასჭირდა.

  • ხანძრის გაჩენისთანავე აშშ-ის სამხედრო უწყება აცხადებდა, რომ ხომალდის ძრავის განყოფილება (propulsion plant) არ დაზიანებულა და ავიამზიდი სრულად ფუნქციონირებდა.

მონაცემები: მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ ოპერაციები დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა 7 000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.

  • Gerald R. Ford-ის ავიამზიდი წარმოადგენს მობილურ ავიაბაზას, რომლის გემბანზეც განთავსებულია მე-8 საავიაციო ფრთა. მისი შემადგენლობა მოიცავს F/A-18 Super Hornet-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად, ისე ზუსტი სახმელეთო დარტყმებისთვის.
  • ბორტზე 5 000-ზე მეტი მეზღვაური იმყოფება. ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური რადარებით, რომლებიც საჰაერო მოძრაობისა და ნავიგაციის კონტროლს უზრუნველყოფენ.
  • ამჟამად ავიამზიდის მხარდამჭერ ჯგუფში შედიან Arleigh Burke-ის კლასის ნაღმოსნები: Churchill, Mahan, Bainbridge.
  • ეს ხომალდები აღჭურვილნი არიან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაანადგურონ სტრატეგიული სახმელეთო სამიზნეები ასეულობით კილომეტრის მოშორებით.
  • ამასთანავე, მათი Aegis-ის ტიპის საბრძოლო სისტემები და SM-6/3 საზენიტო რაკეტები ქმნიან გაუმტარ საჰაერო ფარს მთელი ფლოტისთვის.

მსგავსი სიახლეები