აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო
შეერთებული შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდა.
საბჭოს ცამეტმა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რეზოლუცია "რეალობისგან მოწყვეტილია."
არაბული ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ისრაელს აკრიტიკებდა, ღაზაში ჰუმანიტარულ მდგომარეობას "კატასტროფულს" უწოდებდა. რეზოლუცია მხარეებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რომლებიც ჰამასს ჯერ კიდევ ტყვეობაში ჰყავს და ღაზას სექტორში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას მოითხოვდა.
ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელის გვერდით "ურყევად დგომისთვის."
"რატომ არ არის ეს რეზოლუციის პროექტი მიმართული იაჰია სინვარისა და ისმაილ ჰანიეს წინააღმდეგ?" - იკითხა ისრაელის ელჩმა. "არ იცით ვინ იყო პასუხისმგებელი წინა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე და საომარი მოქმედებების ხელახალ გაჩაღებაზე? ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მძევლის დაბრუნებით და ჰამასის განადგურებით."
პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობას, მიიღოს რეზოლუცია და მიაღწიოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, "სამარცხვინო" უწოდა.
"აშშ-ის ვეტო ისრაელს უფლებას აძლევს განაგრძოს პალესტინელების მკვლელობა, განადგურება და გადასახლება," - თქვა მან.