აშშ-ს და უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - რა უნდა ვიცოდეთ

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყება - ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება. 

რა იქნება განხილვის თემა და რას შედეგებს ელოდებიან მხარეები?

9 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 10 მარტს საუდის არაბეთს ეწვეოდა და სამეფოს კრონ-პრინცს, მოჰამად ბინ სალმანს შეხვდებოდა. ზელენსკი ასევე წერდა, რომ უკვე 11 მარტს აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებები გაიხსნებოდა, რომელშიც თვითონ მონაწილეობას არ მიიღებდა. 

უკრაინელი პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იქნებოდა როგორც "მშვიდობის მოახლოების, ასევე, ამერიკული დახმარების გაგრძელების კუთხით. 

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელობაში შედიან: პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე სამხედრო საკითხებში, პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია და იგივე ხალხი წარმოადგენს, რომლებიც 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ესენი არიან: სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. 

სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე დაადასტურეს, რომ 10-12 მარტს მარკო რუბიო საუდის არაბეთში უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრისთვის გაემგზავრება. 

რითი მიდიან დელეგაციები?

"ჩვენი მხრიდან არის მკაფიოდ კონსტრუქციული განწყობა და იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება აუცილებელი ნაბიჯების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. უკრაინა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. მაგიდაზე სრულიად რეალისტური წინანადებებია, მთავარი ვიმოძრაოთ სწრაფად და ეფექტიანად"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში. 

დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გასულ კვირას ამბობდა, რომ უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაზე განხილული იქნება განხილული იქნება კონფლიქტის დარეგულირების ჩარჩო პირობები და ცეცხლის შეწყვეტა 6 თვის ვადით. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთს გასამართ შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეეცდება დაადგინოს რამდენად მყარია უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლილი რიტორიკა და არის, თუ არა მზად კიევი რეალური დათმობებისთვის. 

Reuters-ის ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ამერიკული დელეგაცია ყურადღებით დააკვირდება, რამდენად მზად არის კიევი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან. 

Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს რომ მოლაპარაკებებზე კიევი რუსეთს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტას შესთავაზებს. 

 საუბარია დრონებით და შორეული რაკეტებით თავდასხმებზე, ასევე საომარ მოქმედებების შეწყვეტაზე შავი ზღვის აკვატორიაში. 

გაზეთის უკრაინული წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ზელენსკის ოფისი ვაშიგნტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება და იმედი აქვთ, მათი წინადადების შემდეგ ამერიკა მზად იქნება აღადგინოს სამხედრო და სადაზვერვო დახმარება. 

რუსეთი

მოსკოვში ირწმუნებიან, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჯერჯერობით არ იგეგმება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მიმდინარე კვირას შეხვედრის გეგმების არსებობა უარყო ჟურნალისტებთან ყოველდღიურ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

ამავდროულად ტელეარხი CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარე კვირას საუდის არაბეთში არამხოლოდ ამერიკულ-უკრაინული, არამედ რუსულ-უკრაინული შეხვედრებიც გაიმართება - ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში. 

თავად დონალდ ტრამპი გასულ დღეებში ამბობდა, რომ საუდის არაბეთში "სხვადასხვა მოლაპარაკებები" გაიმართება, რომელთა მეშვეობითაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების კუთხით დიდი პროგრესის მოლოდინი აქვს. 

რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს გაიმართა - შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი. 

------------------------------------------------------------------

სავარაუდოა, რომ მთავარი სირთულეც და ინტრიგაც აშშ-სა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო შეთანხმების მიღწევა. 

ამისგან განსხვავებით მოსალოდნელია, რომ შედარებით უფრო მარტივი იქნება უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ საბოლოო შეთანხმების გაფორმება. 

თეთრ სახლში მომხდარი სკანდალისა და ტრამპის ადმინისტრაციისგან წამოსული წნეხის შემდეგ უკრაინელი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს ვაშინგტონთან ურთიერთობის აღსადგენად. 

ამასთანავე მთავარი სირთული კვლავ უცვლელია - მხარეები ძალიან შორს არიან იმაზე შეთანხმებისგან, თუ რა იქნება მათთვის მისაღები პირობები კონფლიქტის საბოლოო რეზოლუციისას.

რამდენადაც საჯაროდ ცნობილია კრემლს არ უთქვამს უარი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე, კერძოდ მოსკოვი უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ოკუპაციის დაკანონებას ითხოვს, მათ შორის იმ ტერიტორიების, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქვას და უკრაინაში უფრო "მეგობრულ" ხელისუფლებას, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ უკრაინის კაპიტულაციას. 

 

 

მსგავსი სიახლეები