აშშ-ს ფლოტმა იემენელი ჰუსიტებისთვის განკუთვნილი ირანული შეიარაღება ამოიღო

 

აშშ-ს საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტმა ირანული სათევზაო ხომალდი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, იემენელი ჰუსიტებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით იყო დატვირთული - წერს სააგენტო AP News.

დაკავებული ხომალდიდან 1400-მდე AK-47 ავტომატი და 226 600-მდე ვაზნა ამოიღეს.

ფლოტის განმარტებით, ეკიპაჟის გადმოყვანის და ტვირთის გადმოტანის შემდეგ ხომალდი ჩაძირეს.

იემენელი ჰუსიტებისთვის პირდაპირი ან ირიბი გზით შეიარაღების მიწოდება აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, ისევე როგორც აშშ-ს სანქციებით.

უკვე წლებია, რაც დასავლეთი ირანს რეგიონული მოკავშირე ჰუსიტებისთვის შეიარაღების და ტექნოლოგიის მიწოდებაში სდებს ბრალს.

თეირანი იემენის ომში მონაწილეობას უარყოფს.

 


2014 წელს იემენის ცენტრალურ ხელისუფლებასა და შიიტური მიმდინარეობის ჰუსიტურ თემს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ჰუსიტებმა დედაქალაქი სანა აიღეს და ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებს აკონტროლებენ. შიიტური ექსპანსიის შესაჩერებლად მალე ომში საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბული საამიროები და სხვა სუნიტური ქვეყნები ჩაერთნენ, რომლებიც ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას აწარმოებენ.

იემენის სამოქალაქო ომმა, სხვადასხვა დათვლით, 130 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი სიახლეები