აშშ-ს სურს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მინიმალური როლი ითამაშოს - Politico

პენტაგონის წარმომადგენელმა მოკავშირეების მცირე ჯგუფს აცნობა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიაში მინიმალური როლის შესრულებას გეგმავს. ამ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსანსა და მოლაპარაკებებში ჩართულ სხვა პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
State of Play: პოლიტიკის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ დენ კეინის მიერ ორგანიზებული შეხვედრისას ისაუბრა.
- ევროპელი მაღალჩინოსნისა და სხვა წყაროს თქმით, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრები ამერიკული მხარისგან ითხოვდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის შეიარაღებულ ძალებს გამოუყოფდა ის უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისთვის.
- შეხვედრისას პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიაში მინიმალური როლის შესრულებას გეგმავს.
- წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ შეხვედრამ და მეორე, ნაჩქარევად ორგანიზებულმა შეხვედრამ ნატოს ლიდერებთან, მოკავშირეებს შორის მზარდი შეშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსული აგრესიის დასრულების შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობაში ევროპას დაეყრდნობა.
- "აშკარა ხდება, რომ სწორედ ევროპა უზრუნველყოფს ამ ვალდებულებების შესრულებას. აშშ სრულად არ არის ჩართული არც ერთ საქმეში." - განაცხადა ნატოს დიპლომატმა.
Big Picture: ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მომავალ შეთანხმებაში ძირითადი ფინანსური ვალდებულებები უნდა აიღონ.
- 20 აგვისტოს, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე, რომლის დროსაც განიხილეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადების პროცესები.
- შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობის (გენერალური შტაბების უფროსები) მონაწილეობით მრგვალი მაგიდის ფორმატში, იმავე დღეს, მოგვიანებით გამართული შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში ჩატარდა.