აზოვის ყოფილი მეთაური: მარიუპოლში აზოვსტალის 200-მდე დამცველის ცხედარია
აზოვსტალის ქარხნი ალყის დროს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ 12 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების პოლკის "კიევის აზოვის" თანამეთაურმა, ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.
ჟორინმა აღნიშნა, რომ ორი გაცვლის შედეგად, უკრაინას აზოვსტალში დაღუპული 200-ზე მეტი ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა.
პირველი გაცვლა მოხდა ფორმულით "160 160-ზე" და, ჟორინის თქმით, ეს იყო ამ დროისთვის დაღუპულთა ყველაზე დიდი გაცვლა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის. მეორე გაცვლის შედეგად, ჟორინის თქმით, მათ 60 უკრაინელის ცხედრის დაბრუნება მოახერხეს.
"თითქმის ამდენივე ცხედარი უნდა დაბრუნდეს, თითქმის ამდენივე ცხედარია მარიუპოლში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შემდგომ გაცვლაზე, ყველა ცხედრის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე. აბსოლუტურად ყველა ცხედარი უნდა დაბრუნდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვმუშაობთ ამაზე", - თქვა მან.
დაღუპულებზე საუბრისას, რომლებიც უკვე კიევში გადაასვენეს, ჟორინმა თქვა, რომ მათგან დაახლოებით მესამედი აზოვის მებრძოლია, დანარჩენები არიან სხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს: საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები.
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ვიზუალური იდენტიფიკაცია, ჟორინის თქმით, შეუძლებელია. საჭიროა მთელი რიგი ექსპერტიზები, რასაც შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.