ბაიდენი ისრაელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს - Axios

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ იაირ ლაპიდს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს, აცხადებენ თეთრი სახლის მაღალჩინოსნები გამოცემა Axios-სთან საუბარში.

ბაიდენის ისრაელში ვიზიტამდე, რომელიც 13 ივლისს დაიწყო, ისრაელმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

დახმარების პაკეტი 1500 ჩაფხუტის, 1500 დამცავი ჟილეტის და განაღმვის აღჭურვილობის გაგზავნას ითვალისწინებს.

„მოხარულები ვართ იმ დახმარებით, რომელიც ისრაელმა უკრაინას აღუთქვა. მაგრამ ვფიქრობთ, რომ უკრაინელებს [შეიარაღების კუთხით] სპეციალური საჭიროებები აქვთ, რაზეც ისრაელის მხარესთან ერთად ვისაუბრებთ“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ ისრაელს „დრონების“ (უპილოტო საფრენი აპარატი) საწინააღმდეგო სისტემების მიწოდება სთხოვა, თუმცა კიევმა უარი მიიღო.

ლაპიდი, რომელიც ისრაელის პრემიერის მოვალეობის შესრულებას ცოტა ხნის წინ შეუდგა, რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა, წერს გამოცემა.

ორშაბათს ბაიდენის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას აპირებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფენ.

მსგავსი სიახლეები