ბაიდენი სექტემბერში ინდოეთში G20-ის სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ თვეში ინდოეთში G20-ის სამიტს დაესწრება, სადაც ის შეხვედრების სერიას გამართავს.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ინდოეთს 7-დან 10 სექტემბრამდე, G20-ის სამიტზე დასასწრებად ეწვევა.

სალივანმა თქვა, რომ ბაიდენი ინდოეთში ყოფნისას რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მაგრამ დეტალები არ დააკონკრეტა.

აგვისტოს დასაწყისში დასავლური მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს G20-ის სამიტზე პირადად ჩასვლას.

კონტექსტი

2020 და 2021 წლებში პანდემიის დროს პუტინი G20-ის შეხვედრებში ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა. მან ასევე უარი თქვა 2022 წლის ღონისძიებაში მონაწილეობაზე, სადაც მსოფლიო ლიდერებმა უკრაინაში მისი შეიარაღებული შეჭრა დაგმეს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს სექტემბერში ინდოეთში გამართული G20-ის სამიტზე მოწვევის უზრუნველსაყოფად.

მანამდე G20-ის პრეზიდენტის, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა სამიტზე მიწვეული არ არის.

მსგავსი სიახლეები