ბაიდენი: უკრაინას $1 მილიარდის თავდაცვითი დახმარების ახალ პაკეტს გადავცემთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 1 მილიარდ დოლარის თავდაცვით დახმარებას გადასცემს. მისი განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა 15 ივნისს გამოაქვეყნა.
ბაიდენს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ლიდერებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მან დაარწმუნა უკრაინელი კოლეგა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას მისი დემოკრატიის, ისევე როგორც მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
"მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდ აშშ დოლარის უსაფრთხოების დახმარებას გადასცემს, მათ შორის დამატებით საარტილერიო სისტემებს და სანაპირო თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას, რომელიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში თავდაცვითი ოპერაციების გასაგრძელებლად." - თქვა მან.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ძალისხმევა, რომლის თავმჯდომარეობითაც გუშინ ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა.
"ჩვენ ასევე ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის ერთგულ მხარდაჭერას, რომელთა სიცოცხლეც ამ ომმა გაანადგურა. დღეს მე ასევე ვაცხადებ დამატებით 225 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებაზე უკრაინის შიგნით მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, მათ შორის უსაფრთხო სასმელი წყლით, კრიტიკული ჯანმრთელობისა და სამედიცინო აღჭურვილობით, საკვებით, საცხოვრებლით და ნაღდი ფულით ოჯახებისთვის უზრუნველყოფას აუცილებელი ნივთების შესაძენად. უკრაინელი ხალხის სიმამაცე, გამძლეობა და მონდომება განაგრძობს მსოფლიოს შთაგონებას და აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, იქნება უკრაინელი ხალხის ერთგული, რომელიც იბრძვის მათი თავისუფლებისთვის". - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.