ბაიდენი: უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია რამდენიმე დღეში დაიწყება
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.
ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინტერვენციის საფრთხე ძალიან მაღალია და "ყველა ნიშანია, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაზე შეტევის დასაწყებად."
დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დასაწყებად რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების პროვოკაციებს გამოიყენებს და შემდეგ ადგილობრივი რუსული მოსახლეობის დაცვის საბაბით უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.
ბაიდენის თქმით, რუსეთის განცხადების მიუხედავად, უკრაინის საზღვართან 100 000 რუს სამხედროზე მეტია მობილიზებული. "მათ არცერთი ჯარისკაცი არ გაუყვანიათ, დამატებითი ძალები გადმოისროლეს." - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვას, გეგმავს თუ არა რუსეთი ომის დაწყებას, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ, ჩემი აზრით, ეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება."