ბაქოში პოლიტოლოგი და ალიევის კრიტიკოსი ბაჰრუზ სამადოვი დააკავეს
ბაქოში პოლიტოლოგი ბაჰრუზ სამადოვი დააკავეს. ამის შესახებ OC Media წერს, რომელთანაც ის თანამშრომლობდა.
ალიევის კრიტიკოსის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს საღამოს გავრცელდა, როდესაც მეგობრებმა და კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის არ გამოცხადდა დაგეგმილ შეხვედრებზე და არ პასუხობდა შეტყობინებებს.
ხუთშაბათს დილით, სამადოვის ოჯახმა დაადასტურა, რომ ის ოთხშაბათს საღამოს დააკავეს და ოჯახის ბინა გაჩხრიკეს.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ნურლან ლიბრემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ბებიის, ზიბეიდას თქმით, მას სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი. მან სააგენტო Turan-ს განუცხადა, რომ დაკავებისა და ჩხრეკის შემდეგ ქალმა, სახელად ვაფამ დაურეკა და თქვა, რომ ის მისი ადვოკატი იყო და სამადოვს ბრალი ედებოდა ღალატში, რადგან მას მიმოწერა ჰქონდა სომხებთან, რომელთა დავალებითაც ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამადოვი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური აქტივისტების დევნის საკმაოდ პოპულარული პრაქტიკაა.
სამადოვის კოლეგებმა და ნაცნობებმა განაცხადეს, რომ მან ადრე ახსენა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მის კვლევასთან დაკავშირებით. ის აზერბაიჯანში ავტორიტარიზმის პრობლემებზე წერდა და თავის სტატიებსა და სოციალურ ქსელებში ილჰამ ალიევს აკრიტიკებდა.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი პრაღაში ცხოვრობდა, სადაც სადოქტორო დისერტაციას წერდა. მკვლევარის მეგობარმა The Insider-ს განუცხადა, რომ ის ბაქოში დასასვენებლად ჩავიდა ოჯახისა და მეგობრების სანახავად.
აზერბაიჯანში გასული წლიდან გრძელდება ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებების სერია. აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით თბილისში დააკავეს დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოსა და YouTube არხის Azel.TV-ის ხელმძღვანელი აფგან სადიგოვი.