ბელარუს მაღალჩინოსნებს აშშ-ში საჰაერო მეკობრეობის ბრალი წაუყენეს

 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ბელარუსის ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს საჰაერო მეკობრეობის მუხლით წაუყენა ბრალი.

ბელარუს თანამდებობის პირებს ბრალი ედებათ 2021 წლის მაისში, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაფრენის ორგანიზებაში.

აღნიშნულ თვითმფრინავში ოპოზიციონერი ბელარუსი ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსის უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს.

ნიუ იორკის სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ბრალდებულ პირებს შორის „ბელაერონავიგაციის“ - ბელარუსის სახელმწიფო საავიაციო უწყების - ხელმძღვანელები არიან. კიდევ ორი პირი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელია.

ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირლანდიური საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შეატყობინა, რომ თვითმფრინავზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმყოფებოდა და მინსკის აეროპორტში დაშვება უბრძანა. მეორე ბრალდებულმა კი იძულებითი დაფრენის შესახებ საჰაერო უწყების ანგარიში გააყალბა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბელარუს მაღალჩინოსნებს აშშ-ში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

თვითმფრინავის გატაცების გამო ბელარუსის რეჟიმს სხვადასხვა სანქციები უკვე დაუწესეს აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა.

მსგავსი სიახლეები