ბელგია 2025 წლამდე ყველა ბირთვული რეაქტორის დახურვას აპირებს
ბელგიის კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2025 წლამდე ყველა ბირთვული რეაქტორი დაიხურება.
ამჟამად ბელგიაში ბირთვულ ენერგიას შვიდი მოქმედი რეაქტორიდან იღებენ.
მთავრობის განცხადებით, ბელგია უარს არ ამბობს „ყველა ტიპის“ ბირთვულ ენერგიაზე და მომავალში არჩევანს „მცირე, მოდულურ რეაქტორებზე“ შეაჩერებს.
კომპრომისული გადაწყვეტილება შვიდი პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ხელმძღვანელობს.
ფრანგულენოვანი ლიბერალური პარტია რეფორმისტული მოძრაობა ბირთვული ენერგიის გამოყენების აკრძალვის მოწინააღმდეგეა, რასაც ფლანდრიული მწვანეთა პარტია ითხოვს.
ევროკავშირში ბევრს დავობენ ბირთვული ენერგიის კლასიფიკაციაზე. ე. წ. „მწვანე შეთანხმება“ (Green Deal) კავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, საკუთარი ენერგოინფრასტრუქტურა კლიმატურად „ნეიტრალური“ გახადონ.
ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ბირთვული ენერგიის ენერგოგენერაციიდან თანდათანობით ამოღებას ემხრობა. სხვები, მათ შორის საფრანგეთი, ატომური ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას აპირებენ.