ბელგოროდში ელექტრო ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, 19 ოქტომბერს ხანძარი იუჟნაიას ელექტრო ქვესადგურში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი "Белгородский осведомитель" ავრცელებს.

ქალაქში ნაწილობრივ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

არხმა ხანძრის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ქალაქში "ტრანსფორმატორი გამორთული იყო იუჟნაიას ქვესადგურზე გადაჭარბებული ძაბვის გამო". მისი თქმით, ელექტროენერგიის გარეშე ორი ქუჩა დარჩა.

ბოლო დღეებში ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 13 ოქტომბერს ქალაქში 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის გააქტიურების შემდეგ სახლს "უცნობი ობიექტი" დაეცა. მედიის ცნობით, სახლს რაკეტის ფრაგმენტები დაეცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ სცადეს ხარკოვის დაბომბვა, მაგრამ ერთ-ერთი რაკეტა სახლში შევარდა. რეგიონის ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა.

იმავე დღეს ბელგოროდის რაიონის სოფელ ოქტიაბრსკში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. გლადკოვმა მომხდარში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა (უკრაინულ მხარეს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია). BAZA-ს ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ეროვნული გვარდიელი და დაშავდა 14.

მსგავსი სიახლეები