ბელორუსის წითელმა ჯვარმა აღიარა, რომ უკრაინიდან ბავშვები გაჰყავს

ბელორუსის წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ ჩართულია უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბელორუსში გაყვანაში.

ამ ინფორმაციას გამოცემა Зеркало ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის, დიმიტრი შევცოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მე სრულიად აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ხალხი ბელორუსს ბავშვების გატაცებაში ადანაშაულებს, რომლებიც ჩვენთან გამოჯანმრთელების მიზნით მოდიან. მართალი გითხრათ, ფაქტია, რომ ბელორუსის წითელი ჯვარი ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, იღებს და მიიღებს." - აღნიშნა შევცოვმა.

ეს განცხადება მან ბელორუსულ ტელევიზიასთან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტისას გააკეთა.

ის ამტკიცებს, რომ იქ ჩავიდა, რათა საპირისპიროში დაერწმუნებინა ისინი, ვინც ბელორუსს ბავშვების გატაცებაში ადანაშაულებენ. შევცოვი აცხადებს, რომ "მას არ შეუძლია დაუშვას ქვეყნის იმიჯის, ბელორუსის წითელი ჯვრის და ზოგადად, წითელი ჯვრის მოძრაობის დაზიანება."

გამოცემა Зеркало იუწყება, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი წინა ვიზიტისისა შევცოვი შენიღბული, მკლავზე ასო Z-ით ნახეს, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვრის წესდება ორგანიზაციის წევრებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას სთხოვს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი ინციდენტს იკვლევენ.

მსგავსი სიახლეები