ბელორუსმა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელორუსმა პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან მდებარე სასწავლო პოლიგონებზე მექანიზებული ბრიგადის წვრთნები დაიწყო.

შესაბამისი განცხადება ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს არის მე-6 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო-საშტაბო სწავლება.

მანევრები ტარდება გოჟსკის სასწავლო პოლიგონზე და გროდნოს რეგიონის სხვა რაიონებში, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან და ე.წ. სუვალკის დერეფანთან.

"წვრთნების დროს აქტიურად გამოიყენებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილება (ასე უწოდებენ უკრაინაში რუსეთის აგრესიას - რედ.), კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენება, სატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფების მჭიდრო ურთიერთქმედება." - აცხადებენ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროში.

ბელორუსის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, მონაწილეობს თუ არა წვრთვნებში ვაგნერი.

გასულ კვირას ვარშავამ და ვილნიუსმა განაცხადეს, რომ ასამდე ვაგნერელი გადავიდა ე.წ. სუვალკის დერეფანისკენ.

1 აგვისტოს მინსკის პროვოკაციის შემდეგ, როდესაც ორი ბელორუსული ვერტმფრენი პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა, ვარშავამ დამატებითი ძალების და შვეულმფრენების ბელორუსის საზღვარზე დისლოცირება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები